სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგია

კვლევის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენელთა მიმართ გამოყენებული გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენების და გენდერული სტერეოტიპების გამოვლენა.

კვლევა შერეული მეთოდოლოგიით ხორციელდება: გამოყენებულია მონაცემების დამუშავების როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მონაცემები.

სოციალური მედიის მონიტორინგისთვის გამოყენებულია ფეისბუკის ანალიტიკური ინსტრუმენტი Crowdtangle, რომელშიც დაკვირვება წინასწარ შერჩეული მონიტორინგის სუბიექტებზე ხდება (იხ. მონიტორინგის სუბიექტები). სოციალური მედიის მონიტორინგის გარდა გამოყენებულია ტრადიციული მედიის (ტელევიზია, ონლაინ მედია, ბეჭდვითი მედია) მონიტორინგის მიგნებები.

დაკვირვების საგანია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის/სტერეოტიპიზაციის:

  • თემატიკა,
  • დარღვევის ტიპოლოგია,
  • ტერმინოლოგია,
  • წყაროები,
  • ადრესატები.

 

რაოდენობრივი კომპონენტი მოიცავს სტატისტიკას დარღვევის კატეგორიის, თემების და წყაროების (სამონიტორინგო მედია, სასულიერო პირები, საზოგადოება, ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება, NGO, სხვა, პარტიები), ასევე, სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნეების და გამოყენებული ტერმინების მიხედვით.

თვისებრივი ნაწილი მოიცავს გზავნილების ტიპოლოგიას, მაგალითებს სექსისტური სიძულვილის ენის ფორმების და ინდიკატორების მიხედვით, ასევე ვიზუალური (ვიდეო და ფოტო) მანიპულაციის ტიპებს. გაანალიზებული იქნება თავდასხმის მიზნები (დაშინება, შერცხვენა, გაჩუმება, გენდერული როლების გამყარება, სხვა).

აღწერილი იქნება ყველაზე აგრესიული ფეისბუკ გვერდების პროფილები და ინტერაქცია  (მოწონებები, მიმდევრების რაოდენობა, კომენტარები).

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შესწავლილი სექსისტური სიძულვილის ენის შემცველი პოსტების კომენტარები (რამდენად მეორდება პოსტში გამოყენებული ტერმინი კომენტარებში). შედგება სექსისტური სიძულვილის ენის ლექსიკონი.

დარღვევის ტიპოლოგია  განისაზღვრა გენდერბარომეტრის ინდიკატორების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, საექსპერტო ფოკუს ჯგუფების საფუძველზე “საფარიმ” შეიმუშავა.

 

სუბიექტების შერჩევა. სოციალურ მედიაში სექსისტური სიძულვილის ენის/სტერეოტიპიზაციის გამოყენების მონიტორინგისთვის წინასწარ შეირჩა ფეისბუკის 167 გვერდი. შერჩეული გვერდები მოიცავს ფართო პოლიტიკურ სპექტრს: ანტი-ოპოზიციური გვერდები, „ქართული ოცნების“ პარტიული გვერდები , „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული გვერდები/მედიები, ოპოზიციური პარტიების გვერდები, ოპოზიციასთან აფილირებული გვერდები/მედიები, „პატრიოტთა ალიანსისთან“ აფილირებული გვერდები/მედიები. ამასთანავე მონიტორინგის სუბიექტების განახლება ახლადგამოვლენი ფეისბუკ ანგარიშების მიხედვითაც ხდება.